განათლების სისტემის ერთიანი სტრატეგიის ნანატრი სტანდარტები.

Изображение

არავისთვის არ არის საიდუმლო ჩვენი განათლების სისტემის სავალალო მდგომარეობა.
ყველა აღიარებს, რომ უპირველესი პრობლემა საქართველოში, სწორედ განათლების პრობლემაა და სახელმწიფოს რესურსები ამ პრობლემის აღმოსაფხვრედალ უნდა იყოს მიმართული.
სამწუხაროდ, საქართველო დღემდე არ არის განათლებაზე ორიენტირებული ქვეყანა,
მაგრამ, როგორც იქნა, ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა და გამოჩნდა გვირაბის ბოლოს სინათლე.
მოვუსმინე 11 თებერვალს განათლების სამინისტროს მიერ წარმოდგენილ სტრატეგიული განვითარების გეგმას და დავრწმუნდი, რომ გვეშველა, როგორც იქნა.
არ გჯერათ? ა ბატონო, მოკლე ამონარიდები ამ ნანატრი გეგმიდან ჩვენი სუბიექტური კომენტარებით: (https://www.facebook.com/media/set/?set=a.747098838641197.1073742066.198164676867952&type=1)
   –  უახლოეს მომავალში დამტკიცდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის ახალი სქემა. ასევე დასამტკიცებლად მზად არის მასწავლებლისა და დირექტორის პროფესიული სტანდარტი; 
აჰა, ახალი სქემა და სტანდარტი არ ჰქონდათ მასწავლებლებს, თორემ რა შეუშლიდათ ხელს ბრწყინვალე შედეგების დასადებად. ძველი სტანდარტებით ეტყობა არ ევალებოდათ თავიანთი საგნების ცოდნა და ამიტომაც პედაგოგთა დაახლოებით 90% ვერ აბარებდა სასერტიფიკაციო გამოცდებს. დღეიდან კი, ახალი სქემით, იგივე პედაგოგებს, იგივე ტრენერები, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო ეფექტურად აუმაღლებენ კვალიფიკაციის დონეს.
 –  დასრულდა სახელმძღვანელოების სტანდარტზე მუშაობა, რის შედეგადაც მოიხსნება პრობლემები წიგნისა და ფურცლის ხარისხთან, წონასთან და შრიფტთან დაკავშირებით. 
კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ ყველაფერი გენიალური მარტივია! წიგნების ფურცლები ყოფილა წონასთან და ფერთან შეუსაბამო და როგორ დაიწერებოდა ხარისხიანი სახელმძღვანელოები, ან როგორ შეძლებდნენ ამ სახელმძღანელოებით პედაგოგები გაკვეთილების გასაგებად ახსნას? დღეიდან კი, ყველაფერი თეთრი და წონასთან შესაბამისი ფურცლებიდან დაიწყება და სულ მალე იგივე სპეციალისტები, ვინც ადრე უხარისხო სახელმძღანელოებს წერდნენ, ნახავთ, რა შედევრებს დაწერენ. გავკადნიერდებით და ერთ რჩევას მივცემთ განათლების სამინისტროს:
იგივე პრინციპით, ხომ არ ფიქრობთ, რომ ფერმკთალი და ჭარბწონიანი პედაგოგების ზომა–წონის რეფორმაზეც გეზრუნათ და მაღალ კლასებში, არსებული პედაგოგების ნაცვლად, სოლარიუმის 3–4 სეანსის შედეგად გარუჯული 90x60x90 სტანდარტის ახალგაზრდა პედაგოგები შეგეშვათ გაკვეთილებზე. დაგვერწმუნეთ, რომ ეს რეფორმა, განსაკუთრებით ვაჟი მოსწავლეების, მოსწრების თუ არა დასწრების მაჩვენებელს საგრძნობლად გაზრდის.
  – მიმდინარეობს 9 ახალი სკოლის მშენებლობის პროცესი. 2014 წელს დაგეგმილია კიდევ 5 ახალი სკოლის მშენებლობა.
ნამდვილად მისასალმებელია ახალი სკოლების მშენებლობის პროცესი, თუმცა დღევანდელი სკოლები საბავშვო ბაღების ფუნქციას უფრო ასრულებენ, 6 წელს გადაცილებული ბავშვებისათვის. მშობლები უბრალოდ დღის გარკვეულ მონაკვეთში ბავშვებზე ზრუნვისაგან ისვენებენ. ნუთუ  გონია ვინმეს, რომ სკოლებში სასწავლო პროცესი დუღს და გადადუღს.
   – განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, განხორციელდა ეროვნული სასწავლო გეგმის იმპლემენტაციის მონიტორინგი და შეფასება, დასრულდა შედარებითი ანალიზი სხვა ქვეყნების წარმატებულ მოდელებთან. 2014 წელს კი, რამდენიმე მიმართულებით მოხდება ეროვნული სასწავლო გეგმის გადამუშავება-განახლება.
გეგმის ამ ნაწილის განმარტება, რა თქმა უნდა, სამინისტროს ჩვეული სტილითა და ენითაა მოცემული. როგორც ერთმა ჭკვიანმა კაცმა თქვა, ჩვენი ეროვნული გეგმის მიხედვით, შექსპირი ინგლისურს ვერ ჩააბარებდა და ეინშტეინი ფიზიკასო და არა იმიტომ, რომ ცოცხლები არ არიანო. ამ გეგმას თუ გადამუშავება–განახლება უშველის და მითუმეტეს იმ სპეციალისტების და ექსპერტების მიერ, ვინც არსებული გეგმა შეადგინა, მაშინ იმასაც დავიჯერებთ, რომ ეს გეგმა განათლების ხარისხის გაუმჯობესების ერთადერთი გზაა.

გეგმა ნამდვილად რევოლუციურია თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ XXI საუკუნეში მასში არ არის საუბარი არანაირ თანამედროვე და ინოვაციურ მეთოდებზე. თუმცა რად გვინდა? მთავარია პედაგოგების პროფესიული სტანდარტი დავადგინოთ და ქაღალდის ხარისხი გავაუმჯობესოთ.
განათლების მინისტრის ახლანდელმა ერთ–ერთმა მოადგილემ, ერთი საუბრის დროს აღნიშნა, რომ სამინისტროს ხელმძღვანელობას უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია. საინტერესოა, დაანონსებულმა სტრატეგიულმა გეგმამ სასურველი შედეგი რომ ვერ მოიტანოს, რაც დიდი ალბათობით ასეც იქნება, პასუხისმგებლობის რომელი კონკრეტული ფორმა იქნება გამოყენებული გეგმის ავტორების მიმართ.
ნუთუ ახალი სტრატეგიული გეგმის შემუშავებას აიძულებენ? არა – ეს ხომ სასჯელის უკიდურესი ზომაა! ღმერთმა დაიფაროს ასეთი სასჯელისაგან ამ გეგმის ავტორებიც და ჩვენც!

ერთი კომენტარი

  1. ავტორი რატომ არ ჩანს სტატიის? ეს ერთი და მეორე – მაინტერესებს კონკრეტული მოსაზრებები ეროვნულ სასწავლო გეგმასთან დაკავშირებით, აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ეს დოკუმენტი საქართველოს 150-მდე მეცნიერმა და პედაგოგმა შეიმუშავა და 100-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო რეცენზენტი ყავდა. ხოდა ეხლა კეთილი ინებეთ და დააკონკრეტეთ – სასწავლო გეგმაზე თქვენი კრიტიკა, სხვა შემთხვევაში მოგვიწევს გავავრცელოთ ინფორმაცია, რომ ეს ჯგუფი (თუ ავტორი)არაპროფესიონალური და ცილიმწამებლური საქმიანობითაა დაკავებული.
    ნათია ჯოხაძე

    • თუ ტექსტი წაიკითხეთ, იმასაც წაიკითხავდით, რომ ეს ჩვენი სუბიექტური აზრია. ჩვენი აზრი კი – არსებული შედეგებიდან არის გამომდინარე. თქვენ ეტყობა დღევანდელ მდგომარეობას დანათლების სფეროში დადებითათ აფასებთ. ჩვენ – არა. ეს მუქარის ტონი სახელმწიფო მოხელეებიდან კიდე არ მორჩა? გვაპატიეთ, რომ ჩვენი აზრი გვაქვს. მეტი აღარ გვექნება ჩვენი მოსაზრება არაფერზე.

დატოვე კომენტარი