E-learning –ის ბაზრის მიმოხილვა.

 communityl3

ელექტრონული განათლება (e-learning), ჯერ კიდევ XX საუკუნის 60–იან წლებში იღებს სათავეებს. დიდ ბრიტანეთში 1969 წელს დედოფლის ბრძანებით შეიქმნა პირველი ღია უნივერსიტეტი.

თანამედროვე სამყაროში ინტერნეტი და ინტერნეტრესურსების გამოყენება სწავლა–სწავლების სფეროს უცილობელი ასპექტი გახდა. თანამედროვე განათლება კომპიუტერის და ინტერნეტის გარეშე წარმოუდგენელია. მოსწავლეების, სტუდენტების, მასწავლებლებისა და ზოგადად, მოქალაქეების უმრავლესობა ინტერნეტის შესაძლებლობებს აქტიურად იყენებს განათლების მიღების მიზნით.

XXI საუკუნეში გაუნათლებლებად თვლიან არა მათ, ვინც წერა–კითხვა არ იცის, არამედ მათ, ვინც არ არის მზად მუდმივად ისწავლოს სიახლეები და გაიაროს გადამზადება, თუ ამას მოითხოვს შექმნილი ვითარება. ამაში სერიოზულ დამხმარედ გვევლინება ელექტრონული სწავლება, რომელიც სასწავლო დაწესებულებებს ხელს უწყობს უზრუნველყოს სულ უფრო მზარდი გლობალური მოთხოვნები მათ საგანმანათლებლო სერვისებზე.

ბოლო წლებში ელექტრონული სწავლება განათლების პროცესის განუყოფელი ნაწილი ხდება სასწავლო დაწესებულებებში და სწავლების ყველა სფეროში გამოიყენება. ელექტრონული სწავლების გამოყენება შესაძლებელს ხდის აამაღლოს განათლების ხარისხი, მომხმარებლის ელექტრონული სწავლების პროცესში ჩართულობის და დამოუკიდებლად შესრულებული სამუშაოს ხარჯზე. განსაკუთრებით აქტუალური ხდება ელექტრონული სწავლება სახელმწიფო საგანმანათლებლო ახალი თაობის სტანდარტების შემოღების პირობებში. უცხო ენების ელექტრონული კურსები კი აფართოებს ამ პროგრამებში ჩართვის შესაძლებლობებს.

მსოფლიოს თითქმის ყველა პრესტიჟულ უნივერსიტეტში დანერგილია დისტანციური და ელექტრონული სწავლება.

გაგრძელება იქნება.

IT ტექნოლოგიების განვითარების პერსპექტივები საქართველოში.

Изображение

რა პერსპექტივები აქვს ITტექნოლოგიების განვითარებას საქართველოში და რა რეალურ შედეგებს მოუტანს მთავრობის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები ამ სფეროს?

თუ რამდენიმე წლის წინისეთი ტერმინები, როგორიცაა: სტარტაპი, სტარტაპ–ინკუბატორი, აქსელერატორი, ვენჩორული ფონდი, სრულიად გაუგებარი იყო ქართული ბიზნესის ახალგაზრდა და მითუმეტეს ასაკოვანი წარმომადგენლებისათვის, დღეს ამ ტერმინებმა სათანადო ადგილი დაიკავა ქართულ ბიზნეს–ლექსიკონში. სულ უფრო ხშირად ჟღერს ეს ტერმინები სხვადასხვა ღონისძიებების დასახელებებში.

რა თქმა უნდა, ჯერ რაიმე სერიოზული შედეგებისაგან საკმაოდ შორს ვართ და აღნიშნულ ღონისძიებებშიც უამრავი ხარვეზი აქვთ მათ ორგანიზატორებს დაშვებული, როგორც ორგანიზაციული, ასევე თემატური თვალსაზრისით, მაგრამ ეს გასაგებიც არის, რადგანაც არც ამისი ჯეროვანი გამოცდილება გვაქვს, და არც ამ დარგის განვითარების შედეგზე ორიენტირებული რეალური გეგმები.

არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ნებისმიერი დარგის და სფეროს განვითარებას და, მითუმეტეს, სერიოზულ ნახტომს, სათანადო ადამიანური და მატერიალური რესურსები ჭირდება ნებისმიერ სახელმწიფოში. სამწუხაროდ, ორივე ამ რესურსის სერიოზულ დეფიციტს განიცდის ჩვენი სახელმწიფო.

დიახ, არ არის მთლად სახარბიელო სიტუაცია დღეისათვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი დარგის განვითარებისათვის და რა სასწაული უნდა მოიმოქმედოს დღევანდელმა მთვრობამ, რომ ეს სიტუაცია გამოასწოროს?

ჩვენი აზრით ამ მდგომარეობის გამოსწორების და სერიოზული პროგრესის მისაღწევად მხოლოდ ერთი რეალური გზა არსებობს და ეს გზა არ მოითხოვს არც დიდძალ საბიუჯეტო სახსრებს და არც  საზღვარგარეთიდან მოწვეულ პროფესიონალთა დიდ გუნდს.

ამისათვის მთავრობის წევრთა მხრიდან საჭიროა მხოლოდ:

  1. ნება,
  2. საღად განსჯის უნარი
  3. თამამი ნაბიჯების გადადგმა

ეს გზა კი შემდეგში მდგომარეობს:

უნდა შეიქმნას IT-ბიზნესისათვის საგადასახადო ოაზისი. დავარქვათ ამას თავისუფალი ეკონომიკური ზონა ან ოფშორი.

დარწმუნებული ვართ, რომ ამ მოსაზრებას წაკითხვისთანავე გამოუჩნდება უამრავი მოწინააღმდეგე და მათი მთავარი არგუმენტი იქნება:

  1.  რომ მსგავსი მეთოდით ნებისმიერი დარგი შეძლებს გამოცოცხლებას და განვითარებას.
  2. რთული იქნება კონტროლის მექანიზმის შექმნა მსგავსი კანონმდებლობის შემოღების შემთხვევაში.

ორივე არგუმენტს ვეთანხმებით, მაგრამ საქმე შემდეგშია:

სახელმწიფო ვერ იარსებებს გადასახადების გარეშე და ნებისმიერი კომერციული საქმიანობიდან სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა შედიოდეს კანონით განსაზღვრული გადასახადი.

მაგრამ IT–ბიზნესიდან, კერძოდ კი გლობალური ინტერნეტ–სივრცისათვის შექმნილი არცერთი ქართული პროდუქტიდან, საქართველოს ბიუჯეტში არ შედის არცერთი თეთრი, რამეთუ არცერთი მსგავსი პროდუქტის შემქმნელი კერძო პირი თუ კომპანია საქართველოში არ არის დარეგისტრირებული. და თუ ასეთი ჯერ კიდევ არსებობს, გვერწმუნეთ, რომ ეს დროებითია.

IT–ბიზნესისათვის შექმნილი პროდუქტი უმეტეს შემთხვევაში ვირტუალური ხასიათისაა და ინტელექტუალურ საკუთრებას წარმოადგენს, რომლის წარმოშობის დადგენა თითქმის შეუძლებელია. თუ საქართველოში შექმნილი ნებისმიერი სხვა პროდუქტის შემთხვევაში, არა აქვს მნიშვნელობა თუ სად იქნება თქვენი კომპანია დარეგისტრირებული საგადასახადო პრივილეგიების თვალსაზრისით, და თქვენ მაინც საქართველოს საგადასახადო კოდექსით მოგიწევთ ხელმძღვანელობა,  IT–ბიზნესის შემთხვევაში თვენი ფირმის რომელიმე ოფშორში დარეგისტრირება რამდენიმე დღის საქმეა და თქვენ თითქმის გათავისუფლებული ხართ ყოველგვარი გადასახადისგან.

რაც შეეხება კონტროლის მექანიზმს, აქაც არ არის გამოუვალი მდგომარეობა. IT–ბიზნესი ბევრად უფრო გამჭირვალეა სხვა ბიზნესებთან შედარებით და კონტროლის მრავალი მექანიზმი არსებობს. მაგალითად, შესაძლებელია მსგავსი პრივილეგიებით სარგებლობდნენ ის კომპანიები, რომელებიც მხოლოდ საერთაშორისო საგადასახადო სისტემებით სარგებლობენ (მაგ:paypal).

საქართველოში ფაქტიურად არ არსებობენ ვენჩორული ფონდები და ზოგადად შეუძლებელია ინვსტიციის მოძიება, უცხოური ვენჩორული კაპიტალის მოძიების შემთხვევაში კი თავად ამ ფონდების მოთხოვნაა ქართული კომპანიების ოფშორულ ზონებში დარეგისტრირება.

ათიათასობით კომპანია რეგისტრირდება ყოველწლიურად თითოეულ ოფშორულ ზონაში და თუ მსქავსი ზონა საქართველოშიც შეიქმნება IT–ბიზნესისათვის, უცხოური კომპანიების მიერ გადახდილი ფიქსირებული გადასახადების მცირე ნაწილიც საკმარისი იქნება ამ მიმართულების წარმატებით განსავითარებლად.

ამასთან ერთად და პარალელურად, ჩვენი აზრით, საჭიროა შეიქმნას პროგრამირების ელექტრონული კურსები V-VIII კლასელი მოსწავლეებისათვის, რომლის საშუალებითაც მოსწავლეები შეძლებენ ელემენტარული პროგრამების შექმნას, რათა პროგრამირებისათვის საჭირო ნიჭის გამომჟღავნების შესაძლებლობა ადრეულ ასაკშივე მოხდეს.

ასევე აუცილებლად მიგვაჩნია freelancer–ის მსგავსი ქართული პორტალის შექმნა, სადაც ავტორიტეტული კომპანია გაუწევს მონიტორინგს შესრულებული დაკვეთების ხარისხს და ანაზღაურების დროული გადახდის გარანტი იქნება.

და კიდევ ერთი უმიშვნელოვანესი საკითხი – კიბერუსაფრთხოება დღეს საქართველოში ჩანასახის მდგომარეობაშია, რაც IT–ტექნოლოგიების განვითარების ერთ-ერთი სერიოზული შემაფერხებელი ფაქტორია.   

იმედია, ახლახანს ეკონომიკის სამინისტროსთან შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი „საქართველოსინოვაციებისდატექნოლოგიებისსააგენტო“, გაითვალისწინებს ჩვენი და ამ დარგის სხვა სპეციალისტების მოსაზრებებს და შედეგზე ორიენტირებულ პროგრამას შეიმუშავებს  IT–ბიზნესის სტრატეგიული განვითარებისათვის.

კიდევ ერთხელ, ელექტრონული სწავლების დანერგვის აუცილებლობაზე.

Изображение

ჩვენ უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ ელექტრონული სწავლების მნიშვნელობა და განვითარების ტემპები მსოფლიოში.

ელექტრონული სწავლების სფეროში ჯერ კიდევ 1960 წელს გადაიდგა პირველი ნაბიჯები, ხოლო 1995 წლიდან ამ სფეროს განვითარება საკმაოდ მასშტაბური გახდა. 2000 წლიდან ელექტრონული სწავლების ბაზარი 1000%–ით გაიზარდა და მისმა ბრუნვამ 2013 წელს 56 მილიარდი დოლარი შეადგინა. 2015 წლისათვის კი ამ ციფრის გაორმაგება იგეგმება და ექსპერტების პროგნოზით 107 მილიარდი დოლარი უნდა შეადგინოს.

ძალიან სამწუხაროა, რომ ამ მასშტაბური ბაზრის მონაწილეების რიგში საქართველო საერთოდ არ მოიაზრება, რაც ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემის განვითარებასა და ხარისხობრივ გაუმჯობესებას ეჭვის ქვეშ აყენებს.

ზემოთ მოყვანილი ციფრები ისეთ ქვეყნებს უკავშირდება, სადაც განათლების ხარისხი ისედაც ბევრად აღემატება ჩვენი ქვეყნისას, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების ამ გამოცდილებამ მაგალითის ძალა ვერ იქონია ჩვენი ქვეყნისათვის.

საქართველოს განათლების სისტემის გაუმჯობესების არცერთ დეკლარირებულ სტრატეგიულ გეგმაში ელექტრონული განათლების რაიმე ტიპის მხარდაჭერა და განვითარება ნახსენებიც კი არ არის.

ამას ბევრი მიზეზი აქვს, მაგრამ ჩვენ შევეცდებით რამდენიმე მათგანს შევეხოთ.

პირველი და უმთავრესი: საქართველოს პედაგოგების უმრავლესობა კატეგორიული წინააღმდეგია ელქტრონული წსავლების დანერგვისა და განვითარების.

ამას რამდენიმე მიზეზი აქვს:

  1. ელექტრონული სწავლების პროგრამებთან კონკურენციის შიში;
  2. შიში იმისა, რომ ელექტრონული სწავლების პროგრამები სასწავლო პროცესში ჩაანაცვლებენ პედაგოგებს;
  3. განათლების პროცესში პედაგოგების დომინირებული მდგომარეობის დაკარგვის შიში;
  4. პედაგოგების განათლების დაბალი დონე თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროში და აქედან გამოწვეული კიდევ ერთი შიში, რომ ისინი თავად ვერ შეძლებენ ამ პროგრამებში გარკვევას და მათ დაძლევას;
  5. პედაგოგების უმეტესი ნაწილის გაუთვითცნობიერებლობა ელექტრონული სწავლების სფეროში და, შესაბამისად, სკეპტიკური დამოკიდებულება მსგავსი მეთოდების გამოყენებით მიღებული განათლებისადმი.

ერთის მხრივ, პედაგოგების „შიშები“ არ უნდა განაპირობებდეს განათლების სისტემის განვითარების სტრატეგიას და პერსპექტივებს, მაგრამ, სამწუხაროდ, ის უწყებაც, რომელიც ამისთვის არის მოწოდებული (განათლების სამინისტრო), ხშირ შემთხვევაში, იგივე მენტალიტეტის პედაგოგებითაა დაკომპლექტებული, ხოლო პროგრესულად მოაზროვნე კადრები იძულებული არიან გაითვალისწინონ სხვების „შიშები“, რადგანაც საქართველოში პედაგოგებს, უპირველეს ყოვლისა, ამომრჩევლებად განიხილავდა და განიხილავს  ყველა ხელისუფლება, და არა მათი პროფესიის ძირითადი ფუნქციის განმახორციელებლად, ხოლო ამ „შიშების“ გაქარწყლებას და საწინააღმდეგოს დამტკიცებას მთავრობის მხრიდან ბევრად მეტი უნარები, ძალისხმევა და ნება სჭირდება, ვიდრე არსებულ სიტუაციასთან შეგუებას.

სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ გვიწევს გამეორება, რომ საქართველო არ არის განათლებაზე ორიენტირებული ქვეყანა და განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესები ხორციელდება არა შედეგისათვია, არამედ პროცესისათვის.

დღევანდელი მოცემულობით, სწორედ ელექტრონული განათლების განვითარება და ხელშეწყობა არის ის, რაც პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლების გარეშეც შესაძლებელს გახდის  რეალური შედეგების მიღებას. გასაგებია, რომ ეს არ არის პანაცეა და საჭიროა მთლი რიგი კომპლექსური ღონისძიებების გატარება, მაგრამ ეს არის ყველაზე სწრაფი და იაფი გზა არსებული სავალალო მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებისა. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უარვყოფთ კვალიფიკაციის ამაღლების რეგულარული პროცესის საჭიროებას, მაგრამ, სამწუხაროდ, ძალზე მცირე იქნება იმ პედაგოგების რაოდენობა, ვინც კვალიფიკაციის ამაღლების კურსებიდან რეალურად შეძლებენ თვიანთი პროფესიული უნარ–ჩვევების მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას.

გაგრძელება იქნება…

სასაუბრო უცხო ენა თუ …?

Изображение

უცხო ენის შესწავლის მსურველები ხშირად გამოთქვამენ თავიანთ სურვილს იმასთან დაკავშირებით, რომ მათ უცხო ენის მხოლოდ სასაუბრო  დონეზე შესწავლა სურთ.

ერთი საკითხია, რამდენად არის შესაძლებელი უცხო ენის შესწავლა მხოლოდ სასაუბრო დონეზე, მარტივად რომ ვთქვათ, როდესაც ვერ კითხულობთ და ვერ წერთ, მაგალითად, ინგლისურად, მაგრამ შეგიძლიათ საუბარი, და მეორე საკითხია – რამდენად აქტუალურია დღეს, მხოლოდ სასაუბრო დონით დაკმაყოფილება, კითხვისა და წერის ცოდნის გარეშე.

რამოდენიმე წლის წინ ალბათ დავეთანხმდებოდი უცხო ენების მხოლოდ სასაუბრო დონის შესწავლის მსურველებს, მაგრამ დღეს, უცხო ენების და, განსაკუთრებით, ინგლისური ენის ცოდნის სრულიად სხვა სტანდარტები და მოთხოვნები გახდა აქტუალური.

თუ ადრე, უცხო ენების ცოდნის გამოყენების საკმაოდ დიდი პროცენტი, უცხოელებთან საქმიან თუ მეგობრულ საუბრებზე მოდიოდა, დღეს სიტუაცია სრულიად განსხვავებულია.

სოციალური ქსელების, საკომუნიკაციო ინტერნეტ-პროგრამების, ინტერნეტში არსებული საგანმანათლებლო ონლაინ თუ დისტანციური კურსების საოცარი ტემპებით განვითარებამ, უცხო ენებისადმი მოთხოვნები შეცვალა და წინა პლანზე წაკითხულის შინაარსის გაგება და წერა გადმოიტანა. ხშირად შეხვდებით პროგრამისტებს, რომლებიც ვერ საუბრობენ ინგლისურად, მაგრამ ინტერნეტის საშუალებით აქვთ ნასწავლი პროგრამირებაც და პროგრამებსაც წერენ საკმაოდ წარმატებით.

ინტერნეტის საშუალებით განათლებას რომ თავი დავანებოთ, უცხო ენების მცოდნეები  დამეთანხმებიან, რომ დღეს, თავიანთ უცხოელ მეგობრებთან ან საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობისთვის, უფრო მეტად იყენებენ მიმოწერას, ვიდრე უშუალოდ საუბარს.

ჩვენი პროგრამებით სწავლის დროსაც, მიაქცევდით ყურადღებას, რომ განსაკუთრებული აქცენტი  სწორედ ამ კომპონენტებზეა გაკეთებული. უფრო მეტიც: ჩვენი მომხმარებლები ხშირად ფლობენ იმ უცხო ენებს, რომლებსაც ჩვენთან სწავლობენ, მაგრამ სწორედ წერის უნარებს იუმჯობესებენ ჩვენი პროგრამების მეშვეობით, რითაც სწავლის დროს ადრე დაშვებულ ხარვეზებს ასწორებენ.

ვალოდია, არ გავტეხოთ პური?

Изображение

მშურს იმ ადამიანის, ვინც ამბობს, რომ პოლიტიკა არ აინტერესებს.

მშურს იმიტომ, რომ მეც ისე მინდა მქონდეს საქმე აწყობილი, რომ არაფერი, რაც ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ხდება, არ ვნებდეს ჩემი და ჩემი უახლოესი ადამიანების კეთილდღეობას.

სამწუხაროდ, ჯერ ასეთი კომფორტული გარემო ვერ შევუქმენი, ვერც ჩემს თავს და ვერც ჩემს ახლობლებს.

ამიტომაც გადავუხვევ ჩვენი ბლოგის ძირითად თემას (განათლებას) და დღეს მიმდინარე პოლიტიკურ  თემას შევეხები, რამდენადაც უკრაინაში მიმდინარე პროცესები, ნამდვილად პირდაპირ კავშირშია საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური მომავლის თვალსაზრისით. თუმცა, რამდენად არის ეს განათლების თემიდან გადახვევა, საკითხავია.

ამ ნაბიჯისკენ ბოლო დროს გასულმა თოქ–შოუების დისკუსიების თემებმაც მიბიძგა.

თემა კი, ძირითადად, ორი იყო:

საკმარისია თუ არა საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები უკრაინაში მოსული ახალი ხელისუფლების მხარდასაჭერად და უნდა შედგეს თუ არა საქართველოს ხელისუფლებასა და პუტინს შორის დიალოგი.

ხელისუფლება ამბობს, რომ მაქსიმუმს აკეთებს უკრაინის ახალი ხელისუფლების მხარდაჭერის საკითხში და პუტინსაც უნდა შეხვდეს. ოპოზიცია კი – უკრაინისადმი არასაკმარის მხარდაჭერაში ადანაშაულებს ხელისუფლებას და რუსეთთან მოლაპარაკების კატეგორიული წინააღმდეგია.

სამწუხაროდ, საქართველოს მასმედიის საშუალებებით უკრაინაში მიმდინარე პროცესების გაშუქება ძალზე არაპროფესიულად ხდება როგორც ერთი, ასევე მეორე მხრიდან. მათ არც ჟურნალისტები და პოლიტიკური „ექსპერტები“ ჩამორჩებიან. ყველა მათგანი პრიმიტიული ანალიზით კმაყოფილდება და არ ან ვერ აკეთებს ღრმა ფინანსურ და ეკონომიკურ ანალიზს.

ის, რომ რუსეთის მიმართ შემოღებული ეკონომიკური სანქციების შედეგად დაზარალდება რუსეთი, მაგრამ ამავდროულად გარკვეული, მაგრამ მოკლე პერიოდით დასავლეთი და ამერიკაც დაზარალდება და, რომ საბოლოოდ რუსეთი ამ სანქციების შედგებს ვერ გაუძლებს, შეიძლება სასიამოვნო მოსასმენი იყოს რუსეთის კურსის მოწინააღმდეგეებისათვის, მაგრამ მსგავსი დასკვნები სერიოზული ანალიზის საფუძველზე უნდა გაკეთდეს, რასაც სამწუხაროდ, ჩვენი ტელევიზიის საშუალებით არავინ აკეთებს. შეიძლება „ექსპერტებს“ გონიათ, რომ მოსახლეობა ამას მაინც ვერ გაიგებს და თავს არ იწუხებენ?

შესაძლოა ასეც იყოს.

ამიტომ, მეც თოქ–შოუებში დასმულ შეკითხვებზე მაქსიმალურად მარტივი და გასაგები ენით შევეცდები ჩემი მოსაზრება გამოვთქვა:

უკრაინის კონფლიქტის (თუ ამას კონფლიქტი ქვია და არა ომი) მოგვარებამდე, რომ ჩვენთან სასაუბროდ არავინ მოიცლის, ეს – ფაქტია.

კონფლიქტის დასრულების შემდეგ კი რუსეთი:

–        ან მოიგებს,

–        ან წააგებს,

–        ან ფრედ დაასრულებს.

თუ რუსეთმა მოიგო (ღმერთმა არა ქნას), რა თქმა უნდა, უნდა შევხვდეთ პუტინს და ვეხვეწოთ თბილისის და ქუთაისის ის უბნები მაინც არ წაგვართვას, სადაც სახელმწიფოს ორგანოების შენობებია განლაგებული, სახელმწიფოებრიობა მაინც რომ შევინარჩუნოთ.

თუ ფრედ დამთავრდა, ასევე მოგვიწევს შეხვედრა და მუდარა იმის თაობაზე რომ დღევანდელი მდგომარეობა როგორმე შევინარჩუნოთ, მავთულხლართების გადმოწევის არსებული ტემპის შენარჩუნებით, რაღა თქმა უნდა. ამაზე რუსეთი დიდი ალბათობით არ დათანხმდება და გაგვიხსენებს არა იმას, რომ მოძმე უკრაინას არ დავუდექით სათანადოდ გვერდზე, არ გავგზავნეთ ჩვენი დელეგაცია კიევში, ევროპელები და ამერიკელები არ მოვასვენეთ ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციის მოთხოვნით და იმის ძახილით, რომ რუსები აგრესორები არიან და მათ წინააღმდეგ სანქციებია შემოსაღები,  არამედ მთავრობის და პარლამენტის მიერ უკრაინის მხარდასაჭერად გაკეთებულ მოზომილ  განცხადებებს და ზოგადად მის პოზიციას.

აქედან გამომდინარე, ჩვენი ერთადერთი ხსნა რუსეთის დამარცხებაშია. ამიტომ უნდა ჩავიდეთ და დავუდგეთ უკრაინას გვერდით, უნდა გავგზავნოთ ჩვენი დელეგაციები ევროპაში და ამერიკაში, უნდა ვიყვიროთ ხმამაღლა სანქციებზე და ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციაზე, თორემ ევროპელების და ამერიკელების მორიდებული მოთხოვნებით გამოფხიზლება რომ შეუძლებელია, ამისი მაგალითი ბევრი დაგვიგროვდა.

არის გარკვეული რისკი ასეთ ქმედებებში? ალბათ არის, მაგრამ სხვა გზა კიდევ რომელია?

ალბათ არის! უნდა დავუჯეროთ ხუბუტიას და მის ფანებს, დავუდგეთ რუსეთს გვერდით და მივახმაროთ ჩვენი ჯარისკაცები უკრაინის ოკუპაციაში. ამ შემთხვევაში რუსეთთან მოლაპარაკების შედეგად აშკარად რაღაცას მოვიგებთ. მაგრამ მგონი რაღაცას წავაგებთ კიდეც.

90–იან წლებში საქართველოდან გავიქეცი და 20 წელიწადზე მეტი რუსეთში ვიცხოვრე. ცნობილი მოვლენების შემდეგ რუსეთიდან გამოვიქეცი და საქართველოში დავბრუნდი. მეგონა საბოლოოდ. მაგრამ მგონი შევცდი…

დღევანდელ საქართველოში, რომ თურმე ხუბუტიას მომხრეები და მისი ფან–კლუბები არსებობს ხალხში და საუბედუროდ, უფრო მაღლ ეშელონებშიც –ეს ხომ კატასტროფაა! ღირს კი ასეთ ქვეყანაში ცხოვრება?!

რამდენად გამომივიდა განათლების თემიდან გადახვევა, მკითხველმა განსაზღვროს.

Сам играю, сам танцую, сам пою

Изображение

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, პირველად საქართველოში, გამოიცა ახალი სახელმძღვანელოები სმენადაქვეითებული მოსწავლეებისათვის.

ნამდვილად მივესალმებით ნებისმიერ ინიციატივას და, მითუმეტეს, გაკეთებულ საქმეს ინკლუზიური განათლების სფეროში, მაგრამ ჩვენი ყურადღება მიიპყრო ერთმა წინადადებამ:

პროექტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ექსპერტებმა დონორი ორგანიზაციის USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელეს (https://www.facebook.com/media/set/?set=a.755243971160017.1073742072.198164676867952&type=1).

საინტერესოა, რამდენად არის სამართლებლივ ნორმებში ის ფაქტი, რომ სამინისტროს ის დეპარტამენტი, რომელიც თავად ადგენს ეროვნულ სასწავლო გეგმებს, ადგენს სტანდარტებს, იწონებს ან იწუნებს სხვის მიერ შექმნილ სახელმძღვანელოებს და პროგრამებს, ამავდროულად თვად იღებს დაფინანსებას და ადგენს სახელმძღვანელოებს. და თუ ეს ფაქტი ამჟამად სამართლებლივ ნორმებშია, რამდენად არის ეს ნორმები სამართლიანი.

ორ ფაქტს გავიხსენებთ. პირველი:

ჩვენს მიერ შექმნილი უცხო ენების შესასწავლი ელექტრონული კურსის პრეზენტაციის საშუალებაც კი არ მოგვცეს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის „ექსპერტებმა“ , რომლებმაც პროგრამის ნახვამდეც კი იცოდნენ თურმე, რომ პროგრამა არ ივარგებდა და ამის ძირითადი არგუმენტი ის იყო, რომ თურმე მათ თავად ჰქონიათ ელექტრონული სწავლების კურსის გაკეთების მცდელობა, მაგრამ დაფინანსება ვერ მიუღით ჯერ და როცა მიიღებდნენ, თავად გააკეთებდნენ მართლაც კარგ პროგრამას.

მეორე:

ჩვენს მიერ შექმნილი უცხო ენების შესასწავლი ონლაინ პროგრამები გავაცანით სამინისტროს ინკლუზიური განათლების დეპარტამენტს დაახლოებით ერთი წლის წინ. პროგრამების პრეზენტაციამ მათი აღფრთობანებაც კი გამოიწვია და დაგვპირდნენ, რომ აუცილებლად მიგვიწვევდნენ სამინისტროში, პროგრამების ინკლუზიურ განათლებაში დანერგვის მიზნით. მინდა ხაზი გავუსვა, რომ პროგრამებს აბსოლუტურად უფასოდ გადავცემდით სამინისტროს. ერთი წლის განმავლობაში სამინისტრო მხოლოდ ერთხელ დაგვიკავშირდა თხოვნით, რათა მინისტრის ვიზიტის წინ  მ.იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში, ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისათვის ჩვენი პროგრამები გადაგვეცა, რაც ჩვენ სიამოვნებით გავაკეთეთ (https://www.facebook.com/media/set/?set=a.663765540307861.1073741962.198164676867952&type=1). როგორც ჩანს, ინკლუზიური განათლების დეპარტამენტი უფასო პროგრამის დანერგვას, რომელიც უკვე საკმაო პოპულარობით სარგებლობს საქართველოში, მათივე სამინისტროს „ექსპერტების“ მიერ შექმნილ პროგრამას ამჯობინებს, რომელის შექმნაც ბიუჯეტის ან დონორი ორგანიზაციების ხარჯზე მოხდება. როდესაც „ექსპერტებს“ ვახსენებთ, ჩვენივე ბლოგზე ატვირთული სტატია (https://ucxoenebi.wordpress.com/2014/02/12/%E1%83%A0%E1%83%90-%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94-%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%9D/) გვახსენდება და კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით სტატიაში გაკეთებული აქცენტების სისწორეში.

ამ ყველაფერში განათლების სამინისტროს დადანაშაულება ძნელია. როცა კანონმდებლობა გაძლევს საშუალებას, რომ სრული მონოპოლისტი გახდე რომელიმე სფეროში და იმოქმედო პრინციპით – Сам играю, сам танцую, сам пою, ძნელია ცდუნებას გაუძლო.

საინტერესოა იმ ორგანიზაციების ან კერძო პირების აზრი, რომლებიც სახელმძღვანელოების და პროგრამების შექმნაზე მუშაობენ. რამხელა ალბათობაა იმისა, რომ მათ მიერ შექმნილი ნაშრომები მოწონებული იქნება განათლების სამინისტროს მიერ?

განათლების სისტემის ერთიანი სტრატეგიის ნანატრი სტანდარტები.

Изображение

არავისთვის არ არის საიდუმლო ჩვენი განათლების სისტემის სავალალო მდგომარეობა.
ყველა აღიარებს, რომ უპირველესი პრობლემა საქართველოში, სწორედ განათლების პრობლემაა და სახელმწიფოს რესურსები ამ პრობლემის აღმოსაფხვრედალ უნდა იყოს მიმართული.
სამწუხაროდ, საქართველო დღემდე არ არის განათლებაზე ორიენტირებული ქვეყანა,
მაგრამ, როგორც იქნა, ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა და გამოჩნდა გვირაბის ბოლოს სინათლე.
მოვუსმინე 11 თებერვალს განათლების სამინისტროს მიერ წარმოდგენილ სტრატეგიული განვითარების გეგმას და დავრწმუნდი, რომ გვეშველა, როგორც იქნა.
არ გჯერათ? ა ბატონო, მოკლე ამონარიდები ამ ნანატრი გეგმიდან ჩვენი სუბიექტური კომენტარებით: (https://www.facebook.com/media/set/?set=a.747098838641197.1073742066.198164676867952&type=1)
   –  უახლოეს მომავალში დამტკიცდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის ახალი სქემა. ასევე დასამტკიცებლად მზად არის მასწავლებლისა და დირექტორის პროფესიული სტანდარტი; 
აჰა, ახალი სქემა და სტანდარტი არ ჰქონდათ მასწავლებლებს, თორემ რა შეუშლიდათ ხელს ბრწყინვალე შედეგების დასადებად. ძველი სტანდარტებით ეტყობა არ ევალებოდათ თავიანთი საგნების ცოდნა და ამიტომაც პედაგოგთა დაახლოებით 90% ვერ აბარებდა სასერტიფიკაციო გამოცდებს. დღეიდან კი, ახალი სქემით, იგივე პედაგოგებს, იგივე ტრენერები, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო ეფექტურად აუმაღლებენ კვალიფიკაციის დონეს.
 –  დასრულდა სახელმძღვანელოების სტანდარტზე მუშაობა, რის შედეგადაც მოიხსნება პრობლემები წიგნისა და ფურცლის ხარისხთან, წონასთან და შრიფტთან დაკავშირებით. 
კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ ყველაფერი გენიალური მარტივია! წიგნების ფურცლები ყოფილა წონასთან და ფერთან შეუსაბამო და როგორ დაიწერებოდა ხარისხიანი სახელმძღვანელოები, ან როგორ შეძლებდნენ ამ სახელმძღანელოებით პედაგოგები გაკვეთილების გასაგებად ახსნას? დღეიდან კი, ყველაფერი თეთრი და წონასთან შესაბამისი ფურცლებიდან დაიწყება და სულ მალე იგივე სპეციალისტები, ვინც ადრე უხარისხო სახელმძღანელოებს წერდნენ, ნახავთ, რა შედევრებს დაწერენ. გავკადნიერდებით და ერთ რჩევას მივცემთ განათლების სამინისტროს:
იგივე პრინციპით, ხომ არ ფიქრობთ, რომ ფერმკთალი და ჭარბწონიანი პედაგოგების ზომა–წონის რეფორმაზეც გეზრუნათ და მაღალ კლასებში, არსებული პედაგოგების ნაცვლად, სოლარიუმის 3–4 სეანსის შედეგად გარუჯული 90x60x90 სტანდარტის ახალგაზრდა პედაგოგები შეგეშვათ გაკვეთილებზე. დაგვერწმუნეთ, რომ ეს რეფორმა, განსაკუთრებით ვაჟი მოსწავლეების, მოსწრების თუ არა დასწრების მაჩვენებელს საგრძნობლად გაზრდის.
  – მიმდინარეობს 9 ახალი სკოლის მშენებლობის პროცესი. 2014 წელს დაგეგმილია კიდევ 5 ახალი სკოლის მშენებლობა.
ნამდვილად მისასალმებელია ახალი სკოლების მშენებლობის პროცესი, თუმცა დღევანდელი სკოლები საბავშვო ბაღების ფუნქციას უფრო ასრულებენ, 6 წელს გადაცილებული ბავშვებისათვის. მშობლები უბრალოდ დღის გარკვეულ მონაკვეთში ბავშვებზე ზრუნვისაგან ისვენებენ. ნუთუ  გონია ვინმეს, რომ სკოლებში სასწავლო პროცესი დუღს და გადადუღს.
   – განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, განხორციელდა ეროვნული სასწავლო გეგმის იმპლემენტაციის მონიტორინგი და შეფასება, დასრულდა შედარებითი ანალიზი სხვა ქვეყნების წარმატებულ მოდელებთან. 2014 წელს კი, რამდენიმე მიმართულებით მოხდება ეროვნული სასწავლო გეგმის გადამუშავება-განახლება.
გეგმის ამ ნაწილის განმარტება, რა თქმა უნდა, სამინისტროს ჩვეული სტილითა და ენითაა მოცემული. როგორც ერთმა ჭკვიანმა კაცმა თქვა, ჩვენი ეროვნული გეგმის მიხედვით, შექსპირი ინგლისურს ვერ ჩააბარებდა და ეინშტეინი ფიზიკასო და არა იმიტომ, რომ ცოცხლები არ არიანო. ამ გეგმას თუ გადამუშავება–განახლება უშველის და მითუმეტეს იმ სპეციალისტების და ექსპერტების მიერ, ვინც არსებული გეგმა შეადგინა, მაშინ იმასაც დავიჯერებთ, რომ ეს გეგმა განათლების ხარისხის გაუმჯობესების ერთადერთი გზაა.

გეგმა ნამდვილად რევოლუციურია თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ XXI საუკუნეში მასში არ არის საუბარი არანაირ თანამედროვე და ინოვაციურ მეთოდებზე. თუმცა რად გვინდა? მთავარია პედაგოგების პროფესიული სტანდარტი დავადგინოთ და ქაღალდის ხარისხი გავაუმჯობესოთ.
განათლების მინისტრის ახლანდელმა ერთ–ერთმა მოადგილემ, ერთი საუბრის დროს აღნიშნა, რომ სამინისტროს ხელმძღვანელობას უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია. საინტერესოა, დაანონსებულმა სტრატეგიულმა გეგმამ სასურველი შედეგი რომ ვერ მოიტანოს, რაც დიდი ალბათობით ასეც იქნება, პასუხისმგებლობის რომელი კონკრეტული ფორმა იქნება გამოყენებული გეგმის ავტორების მიმართ.
ნუთუ ახალი სტრატეგიული გეგმის შემუშავებას აიძულებენ? არა – ეს ხომ სასჯელის უკიდურესი ზომაა! ღმერთმა დაიფაროს ასეთი სასჯელისაგან ამ გეგმის ავტორებიც და ჩვენც!

რა უნდა გამოხვიდე შვილო? –ექსპერტი.

Изображение

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ელექტრონული სწავლება ფაქტიურად ჩანასახის მდგომარეობაშია, ტრადიციას არ ვღალატობთ და როგორც სხვა მრავალ დარგში, თქვენ წარმოიდგინეთ, თურმე უკვე ელექტრონული სწავლების სფეროშიც,  ბევრი ექსპერტი გვყოლია.

თავდაპირველად ამ ფაქტს სიხარულით შევხვდით. ვიფიქრეთ, დარგის სპეციალისტებთან კონსულტაცია, ჯანსაღი კამათი და გამოცდილების გაზიარება სარგებელს მოუტანდა ჩვენს საქმეს და ხარისხიანი პროდუქტის შექმნაში დაგვეხმარებოდა.

შევცდით!

სამაგიეროდ, მივაგენით ელექტრონული სწავლების ექსპერტობის განმარტებას. ეს, როგორც აღმოჩნდა, რთული არ ყოფილა, რადგანაც ექსპერტები თავად სიამაყით განმარტავდნენ მათი „ექსპერტად დასმის“ პროცედურას.

თითქმის ყველა უნივერსიტეტის ელექტრონული სწავლების ექსპერტი „ექსპერტად დაისვა“ მას შემდეგ, რაც:

  1. გაიარა ელექტრონული სწავლების დაახლოებით 2 კვირიანი კურსი, სადაც მოისმინა  ელექტრონული სასწავლო პროგრამების შექმნის მექანიზმები ან ამ პროგრამებით სწავლების საფუძვლები. ამ კატეგორიაში უფრო მაღალი რანგის ექსპერტებად იწოდებიან ის პედაგოგები, რომლებმაც კურსი საზღვარგარეთ გაიარეს შოპინგისგან თავისუფალ დროს.
  2. დამოუკიდებლად გაიარა, ან სცადა გაევლო  რომელიმე ელექტრონული პროგრამა საკუთარ დარგში/საგანში. ამ კატეგორიაში უფრო მაღალი რანგის ექსპერტებად იწოდებიან ის პედაგოგები, რომლებმაც რამდენიმე ვებგვერდის მისამართი იციან.
  3. არც კურსებისათვის მოუსმენია და არც თავად გაუვლია რაიმე პროგრამა, მაგრამ ეს გააკეთა მისმა კოლეგამ, რომელიც გვერდით მაგიდასთან ზის, უახლოესმა დაქალმა ან ოჯახის რომელიმე წევრმა. ამ კატეგორიაში უფრო მაღალი რანგის ექსპერტებად იწოდებიან, რაღა თქმა უნდა, ის პედაგოგები, რომლებიც ამ სიაში ერთზე მეტ ახლობელს ჩამოთვლიან.

ჩამოთვლილი ექპერტები უწყინარ ექსპერტთა ჯგუფს განეკუთვნებიან, რომლთა დიდი ნაწილი თავადაც იუმორით უყურებს მათი „ექსპერტად დასმის“ პროცედურას, თუ ოპონენტში ამ სფეროს სპეციალისტი „დაწვა“, მაგრამ სულ სხვაა „მეგა ექსპერტთა“ ჯგუფები, რომელთა სტატუსს სამსახურეობრივი მდგომარეობა განაპირობებს. ასეთ ჯგუფებში უდაო ლიდერია განათლების და მეცნიერების სამინისტრო. შემდეგ პოზიციებს სამეცნიერო ინსტიტუტების ექსპერტთა ჯგუფები იკავებენ.

განათლების სამინისტროს ექსპერტებს, გარდა იმისა, რომ თავად არიან უალტერნატივო ექსპერტები, ხელეწიფებათ მათთვის მისაღები კანდიდატურების „ექსპერტად დასმა“.

გარდა ამისა, მათ შეუძლიათ:

–         მხურვალედ მიესალმონ თანამედროვე და ინოვაციურ მეთოდებს განათლების სფეროში და მათი საოცარი შორსმჭვრეტელობისა და გამჭრიახობის წყალობით, კატეგორიული წინააღმდეგები იყვნენ ყოველივე მსგავსის დანერგვის.

–         ძალზედ მოიწონონ უცხოელი კოლეგების გამოცდილება ელექტრონული განათლების სფეროში, მაგრამ განათლების ხარისხის ზრუნვით გადაღლილებს ერთმანეთში აერიოთ ელექტრონული წიგნები, ელექტრონული სასწავლო მასალები, ონლაინ, დისტანციური და ელექტრონული განათლება და სხვა.

–         განხილვის და ყოველგვარი ექსპერიმენტის გარეშე დაიწუნონ ნებისმიერი ინოვაციური პროექტი, თუ ეს იდეა მათ გონებაში არ იღებს სათავეს.

–         დაწერონ ისეთი ეროვნული სასწავლო გეგმები, რომელთა წაკითხვას და აზრის გამოტანას მხოლოდ თავად შეძლებენ.

–         ჰქონდეთ უდიდესი პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე და რეალურად არაფრით არ აგონ პასუხი ერისა და ხალხის წინაშე.

–         და კიდევ მრავალი სხვა, რის წყალობითაც ასეთი საოცარი შედეგები გვაქვს განათლების სფეროში და ვინ იცის, კიდევ რა შედეგებს მივაღწევთ.

არ გეგონოთ, რომ საქართველოში მართლა არავის არაფერი შეუქმნია ონლაინ განათლების სფეროში, ჩვენს გარდა. ჩვენ მივაგენით ქართული ენის შესასწავლ ელექტრონულ კურსს, რომელიც ენათმეცნიერების ინსტიტუტმა შექმნა (http://www.ice.ge/web/elearning_geo.html). შედეგად მივიღეთ კიდევ ერთი ექსპერტთა ჯგუფი და, ჩვენი აზრით, ძალზედ სახალისო პროგრამა აზერბაიჯანული და სომხურენოვანი მომხმარებლისათვის. რას წარმოიდგენდნენ ისინი, თუ ქართული ანბანის შესასწავლად ეს საოცარი არსება – დევი იქნებოდა საჭირო, ხოლო ასო ზ–ს მწვანეთმიანი ბიჭუნას მეშვეობით იოლად დაიმახსოვრებდნენ (ყველა მწვანეთმიან ბიჭუნას ხომ ზაზა ჰქვია!).

Изображение

მიუხედავად იმისა, რომ ოთხი წლის თავაუღებელი შრომის შედგად შექმნილი გვაქვს და წარმატებით მუშაობს, ქართულ–ინგლისური ენის სასწავლი პირველი და მეორე კურსი, თემატური პროგრამა „სასტუმრო“, რუსული, იტალიური და ფრანგული ენების შესასწავლი პროგრამები, თითქმის დასრულებული გვაქვს რუსულ–ინგლისური, რუსულ–ქართული, აზერბაიჯანულ–ქართული ონლაინ პროგრამები, შემუშავებული გვაქვს მათემატიკის, ფიზიკის და კომპიუტერული საოფისე პროგრამების ონლაინ კურსების ალგორითმები, ვთლით, რომ ეს დაახლოებით 10% –ია იმ სამუშაოებისა, რომლის დასრულების შემდეგაც (ამას დაახლოებით კიდევ 4–5 წელი დაჭირდება) არ შეგვრცხვება, ვინმემ რომ ელექტრონული სწავლების ექსპერტი გვიწოდოს. ჩვენ თავად ამის პრეტენზია არც მაშინ გვექნება, მაგრამ არ გეგონოთ ამ დარგის მაღალი დონის სპეციალისტობის პრეტენზია არა გვაქვს ან ამბიციების დეფიციტს განვიცდით.

ჰო, მართლა, შემოგვეხმიანეთ კოსმოსური ხომალდების კონსტრუირების ექსპერტები. მალე გავფრინდებით.

აუუ, რამდენი ხართ!!

სოფლის მეურნეობის 100 საწარმო, თუ ერთი Google?

Изображение

საგანმანათლებო ელექტრონული პროგრამების შექმნა ინვესტორის, სახელმწიფოს ან სხვადასხვა ფონდების დაფინანსების გარეშე ძალიან რთულია.

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ კომპიუტერული ტექნოლოგიების დანერგვა, მოსახლეობის მასთან წვდომა, ინტერნეტის ყოველდღიურობასა და ბიზნესში გამოყენების აუცილებლობა, მომავალი თაობის განათლების მიღების ახალი მეთოდები ჩვენი სახელმწიფოს განვითარების ამ ეტაპზე ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება გახდება. თუმცა, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ამ ეტაპზე, მსგავსი იმედები საფუძველს მოკლებულია. შემცირებულია განათლების სფეროში სხვადასხვა პროექტების დაფინანსება, თითქმის არ ფუნქციონირებს „რუსთაველის სახ. ფონდი“ (ერთადერთი ფონდი განათლების სფეროში), განათლების სამინისტრო კი, რბილად რომ ვთქვათ, სკეპტიკურად უყურებს ელექტრონულ განათლებას.

დღეს საქართველოში არ არსებობს არცერთი ვენჩორული ფონდი და სტარტაპ–ინკუბატორი, რომლებიც ინოვაციურ პროექტებს წაახალისებდა და დააფინანსებდა. მათი შექმნა უახლოეს მომავალშიც არ იგეგმება.

იცით, სად არიან მსოფლიოში ყველაზე მეტი მილიონერები და მილიარდერები? არა, რუსეთში არა. არც საუდის არაბეთში, არც იმ ქვეყბებში, სადაც სოფლის მეურნეობაა სტრატეგიული მიმართულება და ამის გამო ძალიან განვითარებული. ეს ადგილი კალიფორნიის (USA) რეგიონში მდებარეობს და მას სილიკონის ველს ეძახიან. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ამ „ველზე“ არც კარტოფილი მოჰყავთ და არც სოფლის მეურნეობის 100 საწამო მუშაობს. უბრალოდ აქ ისეთი კომპანიების სათაო ოფისებია განლაგებული, როგორებიცაა:  Facebook, Twitter,  Apple, Google, eBay, Yahoo, Oracle, Adobe Systems, Intel და სხვა, და ყველა პირობაა შექმნილი ინოვაციური პროექტების განვითარებისა და ხელშეწყობისათვის.

რიტორიკული კითხვა გვებადება – 100 სოფლის მეურნეობის საწარმოს დაფინანსება უფრო მომგებიანია თუ ერთი Google –ს?

Google დღეს არის მეგა პროექტი, თორემ განვითარების იმ ეტაპზე, როდესაც მისი პირველი დაფინანსება მოხდა, ის  ერთ–ერთი მორიგი ბრაუზერი იყო.

ჩვენი პროექტის განვითარებისათვის საჭირო ფინანსური რესურსების მოძიება ჩვენც სამწუხაროდ საზღვარგარეთ მოგვიწევს. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, ჩვენი ვებგვერდის ქართული წარმოშობა წაიშალოს, რაც ჩვენს სამართლიან სინანულს გამოიწვევს.

მიუხედავად ამისა, ჩვენ არ ვკარგავთ იმედს, რომ ჩვენი მომავლის გეგმებიც და შესრულებული სამუშაოების ხარისხიც ადეკვატურ გამოხმაურებას ჰპოვებს ბიზნესის, სახელმწიფოს ან სხვა შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან, რაც პროგრამის მაღალ დონეზე განხორციელებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს და კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის მას.

ელექტრონული განათლების მაღალხარისხიანი პროდუქტი ხომ ქვეყნის იმიჯზეც დადებით გავლენას ახდენს. მაგრამ რამდენად არის ეს იმიჯი და ზოგადად განათლების დონე საქართველოსთვის მნიშვნელოვანი? ვნახოთ, მომავალი გვიჩვენებს. 

რომელი უცხო ენა ვისწავლოთ, როგორ და რატომ?

Изображение

ყველამ იცის, რომ უცხო ენის ცოდნა საკმაოდ პრესტიჟულია. ყოველდღე ჩნდებიან ენის შესასწავლი ახალი კურსები. ყოველი ჩვენგანი დაფიქრებულა იმაზე, თუ „რომელი ენაა ამ მომენტისათვის ყველაზე საჭირო?“, „რით დაგვეხმარება ეს ენა მომავალში?“. შევეცადოთ ამ კითხვებს გავცეთ პასუხი და შევადგინოთ ენების რეიტინგი.

მრავალი კვლევა ტარდება უცხო ენების შესწავლასთან დაკავშირებით. ერთ–ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები ბევრად მეტ დროს უთმობენ უცხო ენების შესწავლას, ვიდრე სხვა რომელიმე საქმიანობას. ამავე დროს ისინი არა მარტო  ძვირფას დროს ხარჯავენ ამაზე, არამედ საკმაოდ დიდ ძალისხმევასა და ფულსაც. ხალხს არ ენანება ენის შესწავლაზე დახარჯული არც დრო და არც ფული. ეს გასაგებიცაა – მათი უმეტესობა ხომ ენას კარიერული ზრდისათვის სწავლობს.

დღეს უცხო ენის ცოდნა ბევრ პერსპექტივას გაძლევთ და ფინანსური წარმატებისაკენ გიხსნით გაზას. თუ გსურთ, რომ წარმატებული იყოთ, ერთი უცხო ენა მაინც უნდა იცოდეთ და არა ქვს მნიშვნელობა, მშენებელი ხართ, მიმტანი თუ დამლაგებელი. თქვენი ანაზღაურება არა მარტო იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად კარად ფლობთ რომელიმე პროფესიას, არამედ იმაზეც, იცით თუ არა რომელიმე უცხო ენა. განსაკუთრებით ამას აფასებენ საერთაშორისო კომპანიები. გასაგებია, რომ ენის ცოდნა აუცილებელია, მაგრამ რომელი ენის?

ენები სავაჭრო ურთიერთობების გეოგრაფიულ  სიახლოვეზეა ბევრად დამოკიდებული. თუ ისეთი ქვეყანა, როგორიც თურქეთია, შენი მეზობელია, რა თქმა უნდა სასურველია თურქული ენის ცოდნა, მითუმეტეს, რომ ეს ენა აზერბაიჯანელ მეზობლებთან ურთიერთობის დროსაც გამოგვადგება.

მაგრამ ენებს შორის  ყველაზე აქტუალური, რა თქმა უნდა, ინგლისური ენაა. ამ ენაზე საუბრობს მსოფლიოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი. ინგლისური გვხვდება ყველგან, ტრანსპორტში, აეროპორტში, ტელევიზორში, ინტერნეტში. ეს საერთაშორისო ენაა. საერთაშორისო ორგანიზაციებშიც დოკუმენტაციის წარმოება ინგლისურ ენაზე ხდება. ინგლისური ენის ცოდნა ფასდება და მაღალანაზღაურებადია.

მეორე ადგილზე, პოპულარობით, გერმანული ენაა. ამ ენას შეგვიძლია ტექნიკის ენა ვუწოდოთ, მაგრამ გერმანული ენის შემსწავლელთა რიხვი უმნიშვნელოდ იზრდება. გერმანულ ფირმებთან ბევრი კომპანიები თანამშრომლობენ, ამიტომ, თუ თქვენ გერმანული ენა იცით, არ გაგიჭირდებათ კარგი სამსახურის მოძებნა.

ასევე საკმაოდ პოპულარულია იტალიური ენაც. ეს ძალიან ლამაზი და მელოდიური ენაა. მისი ცოდნა საკმაოდ პრესტიჟულია.

ჩვენი აზრით, საქართველოს მოსახლეობისათვის,  უცხო ენების  რეიტინგი შემდეგნაირი იქნებოდა:

  1. ინგლისური
  2. თურქული
  3. გერმანული, რუსული
  4. იტალიური, ესპანური, ფრანგული
  5. ჩინური, არაბული
  6. ინდური.

რა თქმა უნდა, თქვენ სხვაგვარ რეიტინგებსაც შეხვდებით. ყველა მათგანს აქვს არსებობის უფლება, მაგრამ ინგლისური, გერმანული, ესპანური, იტალიური, ფრანგული, თურქული და ჩინური ენები ძნელად თუ დათმობენ ადგილს მსოფლიოს ყველაზე უფრო მნიშველოვანი ენების ათეულში.

ინგლისური ენა საქართველოში წამყვან პოზიციას იკავებს. სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება ინგლისურის შესწავლით და ეს დაინტერესება არ არის მხოლოდ მოდის აყოლა, მას პრაქტიკული მოტივაცია ასაზრდოებს.

ინგლისურმა ენამ საქართველოში დაიკავა ის ადგილი, რაც ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში რუსულ ენას ეჭირა.

2012 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელ უცხო ენად ინგლისური ენა აბიტურიენტთა 73%-მა აირჩია, რუსული ენა კი მხოლოდ 17-მა პროცენტმა, 7%-მა არჩევანი გერმანულ ენაზე, 3%-მა კი – ფრანგულზე გააკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. ”ორი წლის წინ ინგლისური ენა აბიტურიენტთა მხოლოდ 46 პროცენტმა აირჩია, ასევე 46 პროცენტმა არჩევანი რუსულ ენაზე გააკეთა.

დღეს ვითარება ასეთია: თუ სამსახურის მაძიებლები ინტერნეტში თავისუფალი ვაკანსიების გვერდით დაინტერესდებიან, დარწმუნდებიან, რომ ინგლისურის ცოდნას საქართველოში უკვე არამარტო ოფისმენეჯერებს, მძღოლებსა და მზარეულებსაც კი სთხოვენ.

ინგლისური ენის შესასწავლი ონლაინ პროგრამა კარგი საშუალებაა მოსახლეობისთვის, იაფად და მოხერხებულად შეისწავლოს ენა, რაც ჩვენი ქვეყნის ინტერნაციონალიზაციას და გლობალურ სივრცეში ჩართვას შეუწყობს ხელს.

საქართველოს ბაზარზე ჩვენი პროგრამის გაყიდვების 80% მოდის ინგლისურ ენაზე, დანარჩენი 20% კი – სხვა ენებზე. საერთაშორისო ბაზარზეც ინგლისურ ენას წამყვანი პოზიცია უკავია 62%-ით.

Ambient Insight -ის კვლევის მიხედვით 2015-ი წლისთვის ელექტრონული სწავლების პროდუქტებზე მოთხოვნა, რომელიც წელიწადში დაახლოებით 10%–ით იზრდება, $ 50 მილიარდი იქნება.

Ambient Insight -ის ანგარიშში დასახელებულია მრავალი ფაქტორი, რომლიც ხელს უწყობს ინგლისურის და სხვა ენების ელექტრონულად შესწავლის ბაზარზე შემოსავლების ზრდას.

ბოლო პერიოდში მკვეთრად გაიზარდა მოთხოვნა უცხო ენების ელექტრონულ სწავლებაზე. ახალი თაობის მობილური ტელეფონებით უკვე შესაძლებელია კომპიუტერის გარეშეც ქონდეს მომხმარებლებს საგანმანათლებლო პროგრამებზე და ელეტრონულ წიგნებზე წვდომა. ამ ფაქტორმაც მნიშვნელოვნად გაზარდა ელექტრონულ სწავლებაზე მოთხოვნილება.

ასევე აღსანიშნავია ბევრი სახელმწიფოს მიერ ინგლისურის და სხვა ენების სწავლების წამახალისებელი პროგრამები, მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებში ელექტრონული სწავლების ფორმატის მკვეთრი ზრდა,  კვალიფიციური პედაგოგების ნაკლებობა ბევრ ქვეყანაში და ა.შ.

ყველა იმ სტატისტიკური მონაცემების მოყვანა, რომელიც ადასტურებს ელექტრონული/ ციფრული სწავლების მნიშვნელოვან ზრდას მსოფლიოში, შორც წაგვიყვანს. უცხო ენების ონლაინ სწავლების კურსები, რომ მოთხოვნადია სამომხმარებლო ბაზრისათვის – ფაქტია.

ჩვენი პროგრამაც იგივეს ადასტურებს. საქართველოს არცერთ საგანმანათლებლო დაწესებულებას არა ჰყავს იმდენი მომხმარებელი, რამდენიც ჩვენს საიტს (www.teach.ge), რომელთა რიცხვიც ყოველდღიურად იზრდება.